შრომისმოყვარეობა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა.
მუხლჩაუხრელ შრომას შეუძლია უბრალო ადამიანი ისტორიის კუთვნილება გახადოს. ამის ნათელი
მაგალითია ისეთი ადამიანები, როგორებიცაა: ჯოან როულინგი, ლიონელ მესი, სტივ ჯობსი
თუ სხვა. თუმცა, მას მაშინ აქვს განსაკუთრებული შედეგი, როდესაც ცოდნის მიღების წყურვილთანაა
დაკავშირებული.
ცოდნა ძალაა-ესაა დოქტრინა, რომელიც უძველესი დროიდან მოსდევს კაცობრიობას
და ასაზრდოებს მას. ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც ჯერ მხოლოდ 12 წლისაა,
მაგრამ ცოდნის მნიშვნელობა უკვე კარგად აქვს გააზრებული. ეს ადამიანი ლადო თოთლაძეა,
ქარელის პირველი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე. მან მონაწილეობა მიიღო „კინგსი
საქართველოს“ ოლიმპიადაში, დააგროვა 94 ქულა და დაიმსახურა საერთაშორისო ოლიმპიადის( Kings International) საგზური. „მას შემდეგ, რაც დამირეკეს და მითხრეს, რომ მე მივემგზავრებოდი ლიეტუვაში,
დრო გაიწელა და საუკუნეს დაემსგავსა“-იხსენებს ლადო-„ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა
საერთაშორისო პასპორტის, დაზღვევისა და მინდობილობის გაკეთება დავიწყეთ. ახლა რომ ვუფიქრდები,
მგონი წესიერად ვერც ვიაზრებდი ყველაფერს.“
მოსწავლეები ვილნიუსში 24 მარტს გაფრინდნენ ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტიდან. ლადოსთვის ეს დიდი გამოწვევა
და, ასევე, დიდი პასუხისმგებლობა იყო. „როცა თვითმფრინავი ვილნიუსის აეროპორტში დაეშვა,
უკვე მივხვდი, რომ დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ვიდექი ჩემი სკოლის, საგნის მასწავლებისა
და ოჯახის მიმართ.“ - გვიამბობს ის.
ლადოს ისტორია ამით არ დაწყებულა. 2017 წელს ის მოხვდა კინგსის
საუკეთესო შვიდეულში და იმყოფებოდა ბაკურიანში სხვა კინგსელებთან ერთად. სწორედ აქ,
სხვადასხვა აქტივობების დროს აღმოაჩინა მან თავისი სიმღერის ნიჭი, რომლის განვითარებაზეც
დღემდე ზრუნავს ვოკალის პედაგოგთან ერთად. იგი განსაკუთრებული შრომისმოყვარეობითა და
თავდადებით გამოირჩევა: ცდილობს ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობაში, აკეთებს ინგლისურის
ტესტებს, მონაწილეობას იღებს ოლიმპიადებში. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ლადო აქტიურად
უწყობს ფეხს თანამედროვე ტექნოლოგიებს: ინგლისური ენის შესასწავლად იყენებს იუთუბს,
უცხო სიტყვებისთვის-ონლაინ ლექსიკონებს. წიგნებს ინგლისურად კითხულობს, რაშიც აქტიურად
ეხმარება საგნის პედაგოგი, რომლის წვლილიც განსაკუთრებით აღსანიშნავია.
ლადომ ლიეტუვაში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი
და მეორე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თავისი შრომით,
დამატებით მასწავლებელთან სიარულის გარეშე. კითხვაზე თუ რაზე ოცნებობს, მან ასეთი პასუხი
გაგვცა:
-„მინდა მშვიდობა იყოს და განათლების მიღება-ხელმისაწვდომი. მსურს, რომ ჩემზე დამყარებული
იმედი გავუმართლო ყველას-ჩემს მშობლებს, სკოლას, ნათესავებს. დღეს ევროპული განათლების
მიღება მნიშვნელოვანია და მინდა, რომ ეს მეც შევძლო. თუმცა, ეს უფრო მიზანია, ვიდრე-ოცნება.“
საინტერესოა ისიც, თუ რას ურჩევდა ლადო თავის თანატოლებს.
-„ვურჩევდი ნუ დაჩაგრავენ, სუსტებს ნუ დაამცირებენ და დააბულინგებენ. გული მწყდება,
რომ ეს ასე პრობლემურია. ასევე, ვურჩევდი იმეგობრონ კინგსთან, იმიტომ, რომ მან მე ბევრი
რამ მომცა და მასწავლა.“
ლადოს თქმით, ამ დღეებმა მას დიდი გამოცდილება და ახალი მეგობრები
შესძინა.
სასწავლო აპლიკაცია „ლუპის“
გადაწყვეტილებით, ლადო თოთლაძეს გადაეცემა ჩვენი სრული პაკეტი: ქართული ენისა და ლიტერატურის,
მათემატიკისა და ინგლისური ენის სავარჯიშოები უფასოდ! ჩვენ ვულოცავთ ლადოს ამ შედეგს
და საინტერესო, წარმატებებით აღსავსე ცხოვრებას ვუსურვებთ.
ასევე, ვიწვევთ შრომისმოყვარე
და წარმატებულ მოსწავლეებს: გვიამბეთ თქვენი წარმატების ისტორია და მიიღეთ „ლუპის“
სრული პაკეტი სრულიად უფასოდ!
განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა!